Wednesday, February 20, 2013


   

  ცათამობაძავი ივერიის მეჭურჭლეთუხუცესი

 

 

„სულ იმას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი“
   2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმიდანად შერაცხა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. განუზომელია ამ ადამიანის ღვაწლი ქართველი ერისა და ღვთის წინაშე. მის სახელს უკავშირდება არა მარტო თავდადებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმიდეების, ჩვენი საგანძურის გადარჩენა.
2003 წლის მაისში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი მოხდა: თბილისში გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი და სამლოცველო.
 
     XIX საუკუნის 80-იან წლებში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის საზოგადოებრივ ასპარეზზე გასვლის დროს, ავტოკეფალია წართმეულ საქართველოს ეკლესიას რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გამტარებელი რუსი ეგზარქოსები მართავდნენ. მათი ხელშეწყობით უპატრონოდ მიტოვებულ ეკლესია-მონასტრებში დაცული საეკლესიო სიწმინდეები და უძველესი ქართული ხელნაწერები ნადგურდებოდა. სავალალო მდგომარეობაში იყო აგრეთვე მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეებიც. ეგზარქოს ევსევი ილინსკის (1857-1877) განკარგულებით, მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დაცული წიგნები, რომელთაც ღვთისმსახურების დროს მღვდლები იყენებდნენ, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავდა, წაკითხვის დროს „ბორძიკობდნენ“, უნდა შეეგროვებინათ და თბილისში ჩამოეტანათ. იგივე ეგზარქოსის მითითებით, 1876 წლის 30 ივნისის საქართველო-იმერეთის სინოდიალურმა კანტორამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალით, ზემოთაღნიშნულ წიგნებთან ერთად უნდა შეკრებილიყო ეკლესია-მონასტრებში დაცული სხვა დოკუმენტები და საეკლესიო ნივთები და ისინი თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში უნდა განეთავსებინათ. აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ იმდროინდელმა ქართულმა საზოგადოებამ და სასულიერო პირების ნაწილმა აღიმაღლა ხმა. გამოითქვა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ თბილისში არსებულ საგანძურს შესაძლებელია, საფრთხე დამუქრებოდა. მართალია ქართველი საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის გამო საქართველო-იმერეთის სინოდიალური კანტორის აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლომდე ვერ განხორციელდა, მაგრამ თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში ხელნაწერთა დიდი ნაწილი მაინც განთავსდა. ეგზარქოს ევსევის მითითებით, აღნიშნული ხელნაწერები სემინარიის ეზოში ცეცხლს მისცეს. 1884 წელს ეგზარქოს პავლეს გადაწყვეტილებით სემინარიის ბიბლიოთეკის გამგეს ი.მ.გოტინსკის დაევალა, გადაერჩია წიგნები და „საეჭვო შინაარსის ქართული ხელნაწერები“ გაენადგურებინა. აღნიშნული დავალება სისრულეში მოიყვანეს. ამ ხელნაწერთაგან კ.ცინცაძემ დაწვას გადაარჩინა ერთი წიგნი, რომელიც „სვანური მრავალთავის“ სახელითაა ცნობილი.

ცალკეულმა ენთუზიასტმა პირებმა განადგურების პირას არსებულ საეკლესიო სიძველეებზე ზრუნვა დაიწყეს, მაგრამ XIX საუკუნის 70-იან წლების ბოლომდე ჩვენში არ არსებობდა ისეთი დაწესებულება, რომელიც მათ მოღვაწეობას ორგანიზებულ ხასიათს მისცემდა. სწორედ ასეთ ვითარებაში გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი, რომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაისახა მიზნად ქართულ სიძველეებზე ზრუნვა. მოგვიანებით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი თავისი საქმიანობის შესახებ გულისტკივილით წერდა: „საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და დაღუპვისათვის. პირდაპირ ამიტანა ფანატიურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემს თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს. სულ მას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზე, აი, ეს არ დაიკარგოს, აი, ეს არ წახდეს მეთქი. ვცდილობდი, ყველაფერი ამეწერა, გადმომეღო, ჩამეხატა, რაც შეიძლება მეტი გამომეკვლია, შემეძინა, შემომეწირებინა, არაფერი დამეკარგოს მეთქი“.
 დასახული მიზნის განხორციელებას წმიდა ექვითმე ღვთისკაცი სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეუდგა. იგი ცნობილ ისტორიკოსს დ.ბაქრაძეს გვერდში ამოუდგა და აქტიურ დახმარებას უწევდა. მან ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იან წლებში აქტიური ბრძოლა დაიწყო საეკლესიო მუზეუმის დაარსებისათვის. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის არქივში ინახება ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მცირე მოცულობის ნაშრომი, რომელიც თბილისში საეკლესიო მუზეუმის დაარსებას ეხება. აღნიშნული ნაშრომიდან ირკვევა, რომ დ.ბაქრაძეს სიძველეების მოძიებით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარი აქტიურად დაუსაქმებია. მისი მითითებით წმ. ექვთიმე ღვთისკაცს ქართულად უთარგმნია რუსეთის სინოდის მიერ დამტკიცებული მუზეუმის წესდება, მასვე წესდების ქართული და რუსული ტექსტები პრესაში გამოუქვეყნებია. 1889 წლის 17 თებერვალს საეკლესიო მუზეუმის ხელმძღვანელთა ინიციატივით მცხეთაში გასვლითი ექსპედიცია მოეწყო. აქ ლ.ბაქრაძესა და ნ.კალისტოვთან ერთად წმიდა ექვთიმე ღვთისკაციც მონაწილეობდა. ეს არა მარტო საეკლესიო მუზეუმის პირველი ექსპედიცია იყო, არამედ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის პირველი მონაწილეობაც – საეკლესიო სიძველეების მოძიებაში. მან მღვდელ სუხიაშვილის ოჯახში მიაკვლია 973 წლით დათარიღებულ „პარხალის სახარებას“, რომლის შესწავლით მან დაადგინა, რომ „შატბერდის კრებული“ რომელსაც ადრე IX საუკუნით ათარიღებდნენ, X საუკუნეშია შედგენილი.

    საეკლესიო მუზეუმიდან წამოსვლის შემდეგ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“ თანამშრომლობს, ექსპედიციის დროს მოძიებულ მასალებს კი აღნიშნული დაწესებულების ხელნაწერთა განყოფილებას სწირავს.
     XIX საუკუნის 90-იანი და XX საუკუნის 10-იან წლებში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურ საარქეოლოგო ექსპედიციებს აწყობს. მან ფეხით მოიარა გურია, სამეგრელო, ქართლი, კახეთი, აღწერა და აზომა უამრავი ეკლესია-მონასტერი, შეაგროვა უნიკალური ეპიგრაფიული მასალა, დაღუპვას გადაარჩინა მრავალი ძველი ქართული ხელნაწერი და საეკლესიო სიძველე. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ხელმძღვანელობით 1902-1907-1917 წლებში სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციები. აღნიშნული ექსპედიციის გამოქვეყნებული მასალების ღირებულება ქართულ ისტორიოგრაფიაში სათანადოდაა შეფასებული.
     

1907 წელს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი შემოიკრიბა. მათ შორის ქართველი სამღვდელოებაც. საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს შორის იყვნენ ქართველი სასულიერო პირები – მღვდლები: პოლიევექტოს და ვასილ კარბელაშვილები, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, კ.კეკელიძე და სხვები. საზოგადოების ნამდვილ წევრებად აირჩიეს ეპისკოპოსები: ალექსანდრე და ლეონიდე ოქროპირიძეები, კირიონ საძაგლიშვილი, პეტრე კონჭოშვილი, დავით კაჭახიძე, არიქმანდრიტები: დოსითეოს ბერძენიშვილი და პიროს ოქროპირიძე, შემდგომ მათ მიემატა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე და მღვდელი ილია შუბლაძე. ახლადდაარსებულ საზოგადოებაში საერო პირებთან ერთად სასულიერო მოღვაწეობის ჩართვით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცს სურდა, რომ საზოგადოების სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლებს ერთობლივად ეზრუნათ საეკლესიო სიძველეების გადარჩენისათვის.


  წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა დიდი ამაგი დასდო ეკლესია-მონასტრებში განადგურების პირას მისული, შემორჩენილი ფრესკების გადმოღებას. 1912 წლიდან 1917 წლამდე მან 73 ფრესკის პირი გადმოიღო და მუზეუმს გადასცა. მას გულს უკლავდა დანგრევის პირას მისული მონასტრების მდგომარეობა. VI საუკუნის ჯვრის მონასტერს უყურადღებობის გამო დანგრევის საფრთხე ემუქრებოდა. გაზეთის ფურცლებზე წმიდა ექვთიმემ მოწოდებით მიმართა ქართველ ერს: „ყველამ გამოვიღოთ წვლილი, დიდმა თუ პატარამ, ერმა თუ ბერმა, განათლებულმა თუ გაუნათლებელმა, გვეყოფა ამდენი გულგრილობა ჩვენი ძვირფასი ნაშთებისადმი. მომავალი თაობა არ გვაპატიებს თუ ეს ძეგლი ჩვენს თვალწინ დაინგრა“. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის მოწოდებამ შედეგი გამოიღო, შეკრებილი თანხით ჯვრის მონასტერი შეკეთდა და დანგრევას გადაურჩა.
  წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი არა მარტო საეკლესიო სიძველეების გადარჩენაზე ზრუნავდა, არამედ ძველი ქართული ხელნაწერების გამოცემასაც ახერხებდა. 1891 წელს მან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით გამოაქვეყნა „ახალი ვარიანტი წმიდა ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. ამავე წიგნში შესულია ეფრემ მცირის „უწყებაი მიზეზთა ქართლის მოქცევისა თუ რომელ წიგნსა შინა მოიხსენიების“. 1895 წელს წმიდა ექვთიმემ კომენტარებით გამოსცა „სიბრძნე ბალავარისა“ ამავე წელს მისივე რედაქტორობით გამოვიდა XVIII საუკუნის ხელნაწერის მიხედვით „კათოლიკოს-ბაქარიანი მღვდელ იესე ტლაშაძისა, მოთხრობა ლექსად“ მანვე „საქართველოს სიძველეების“ სამივე ტომში დიდი ადგილი დაუთმო საქართველოს ეკლესიის წყაროებს. აღნიშნული მასალების გამოქვეყნებით ექვთიმე თაყაიშვილმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროთმცოდნეობის ბაზა.
     წმიდა ექვთიმემ დიდი ღვაწლი დასდო რუსეთის უწმიდესი სინოდის მარწუხებში მოქცეული საქართველოს ეკლესიის უფლებების დაცვას. იგი მართებულად აღნიშნავდა, რომ ეკლესია-მონასტრების გაპარტახება და იქ დაცული სიწმიდეების განადგურება საქართველოში ცარიზმის მიერ განხორციელებული რეაქციული საეკლესიო პოლიტიკის შედეგი იყო. წმიდა ექვთიმე სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად აქტიურად ჩაება ავტოკეფალისტთა მოძრაობაში.
     წმიდა ექვთიმე დიდი სიხარულით შეხვდა 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხდებას. იგი ამ დიდი ისტორიული აქტის მონაწილე იყო. მისი თხოვნით ცნობილმა „მოხეტიალე მომღერალმა“ ილიკო ქურხულმა ავტოკეფალიის აღდგენის დღეს რამდენიმე ფოტო გადაიღო.

  ახლადაღდგენილი ეკლესიის მესვეურთა სურვილი იყო წმიდა ექვთიმე საკათალიკოსო საბჭოს წევრად აერჩიათ, მაგრამ მან მოუცლელობის გამო უარი განაცხადა, ამის მიუხედავად იგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საკათალიკოსოსთან და დიდ დახმარებას უწევდა მათ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში.
    დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ეკლესიაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
   წმიდა ექვთიმე დიდი გულისყურითეცნობოდა ბერ-მონაზონთა მდგომარეობას და მთავრობის წინაშე არაერთხელ დააყენა საკითხი მათი მატერიალური პირობების გაუმჯობესებისათვის.
    ქართველი სამღვდელოება დიდად აფასებდა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის ღვაწლს ეკლესიის წინაშე. მის არქივში დაცულია სასულიერო პირთა მრავალი სამადლობელი წერილი. 1919 წლის 6 დეკემბერს ქუთაისიდან არქიმადრიტი პავლე (ჯაფარიძე) წმიდა ექვთიმეს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ, ხოლო მღვდელ-მონაზონი ანდრია მოკითხვის ბარათთან ერთად საჩუქრად წმიდა ექვთიმე მთაწმიდელის დიდ ხატს უგზავნის.
     საკათალიკოსო საბჭოს დაჟინებული მოთხოვნით 1919 წლის 1 ივლისს მთავრობის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ გააკეთა მოხსენება: „ეკლესია-მონასტრების დაცვის შესახებ“. მოხსენების საფუძველზე დაადგინეს, რომ ორი პირის შემადგენლობით გაგზავნილიყო კომისია ეკლესია-მონასტრების ქონების აღსაწერად და სათანადო აქტების შესადგენად. აღნიშნული ღონისძიებებისათვის ხაზინიდან გამოიყო მიზერული თანხა – 1000 მანეთი. იმავე წლის 12 ივლისს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, ამ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი. 1919 წლის 22 ივლისს მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით, წმიდა ექვთიმეს დაევალა ეკლესია-მონასტრების ქონების აღწერა. იგივე დადგენილებით ადგილობრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებების ხელმძღვანელებს დაევალათ, დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს, ყოველგვარი პირობა შეექმნათ წმიდა ექვთიმე თაყაიშვილისათვის.
    ექვთიმე თაყაიშვილი სვანეთში ექსპედიციის წევრებთან და მასპინძლებთან ერთად
დადგენილების შესაბამისად წმიდა ექვთიმემ ფოტოგრაფთან ერთად ექსპედიციაში ორი თვე დაჰყო. მან აღწერა ქუთაისის, გელათის, მოწამეთას, გეგუთის, ხონის, მარტვილის, ჯროჭის, კაცხის, მღვიმეს, დარკვეთის, სავანის სიძველეები, შემდეგომ რაჭის სიძველეებს გაეცნო, ბოლოს კი ფოთის, ახალი სენაკის და გურიის ეკლესია-მონასტრები მოინახულა. ქუთაისში ყოფნისას მას თან ახლდნენ პროფესორი კორნელი კეკელიძე, მღვდელმოწამე ნაზარი, სამიტროპოლიტო საბჭოს წევრი ტრიფონ ჯაფარიძე და ერობის წარმომადგენელი ვასილ ფალავანდიშვილი.
    მოგზაურობიდან დაბრუნებულმა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა ვრცელი მოხსენებით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ დროის სიმცირისა და ფულადი სახსრების სიმწირის გამო შეუძლებელი იყო საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტრის მონახულება. ამას გარდა, მან ჩათვალა, რომ არ იყო აუცილებელი იმ ეკლესია-მონასტრების შესწავლა, რომლებიც კარგად ჰქონდათ აღწერილი მკვლევარებს (მ. ბროსე, დ. ბაქრაძე, კონტკოვი, გრაფიანია უვაროვა და სხვები). „მე საუმჯობესოდ დავინახე, გავმგზავრებულიყავი ისეთ ადგილებში და დამეთვალიერებინა ის ეკლესია-მონასტრები, რომლებიც ლიტერატურაში ნაკლებად ცნობილი იყვნენ, ან მათ ნაშთებს შემოწმება სჭირდებოდათ!“ ამ მოგზაურობის შედეგად წმიდა ექვთიმე თაყაიშვილმა, საეკლესიო სიძველეების აღწერასთან ერთად, მდიდარი ფოტომასალა ჩამოიტანა, რომელიც საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში დაიდო. წმიდა ექვთიმე მთავრობას სთხოვდა, აღწერილობის ფოტომასალის გამოქვეყნებას.
      მთავრობისადმი წარდგენილ მოხსენებაში წმიდა ექვთიმე დაწვრილებით საუბრობს ეკლესია-მონასტრების სავალალო მდგომარეობაზე. იგი აღნიშნავს, რომ ეკლესია-მონასტრებს უწინ გააჩნდათ მამულები, საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები, მაგრამ რესპუბლიკის მთავრობამ მათ ეს ქონება ჩამოართვა. მატერიალურ სახსარს მოკლებულმა სასულიერო პირების ნაწილმა უარი განაცხადა მოავლეობის შესრულებაზე და ოჯახს დაუბრუნდა. დაიწყო უპატრონოდ მიტოვებული ეკლესია-მონასტრების საეკლესიო სიწმინდეების უმოწყალო ძარცვა. გელათის მონასტერი წმიდა ექვთიმეს დაკეტილი დახვედრია, რადგან ყაჩაღობის შიშით წირვა-ლოცვასაც აღარ ასრულებდნენ.
     შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წმიდა ექვთიმე თაყაიშვილი მთავრობის წინაშე შემდეგი სახის წინადადებას აყენებს:
„1. დაარსდეს ორგანო განათლების სამინისტროს უწყების დაქვემდებარებით, რომლის კომპეტენციაში იქნება ყოველგვარი ნაშთების მოვლა, შეკეთება და განახლება, აგრეთვე მუზეუმის საგანძურის ყურის გდება. ასეთ ორგანოდ ექვთიმეს მიაჩნია მუზეუმთან (ყოფილი კავკასიის მუზეუმი) არსებული საბჭო;
2. მონასტრებს უნდა მიეცეთ ნორმა მიწისა იმ სახით, რა სახითაც იგი მემამულეებს მიეცათ. მათვე უნდა დაუბრუნდეთ ჩამორთმეული წისქვილები;
3. მიეცეთ წინადადება, ერობებს, დაუყენონ მცველები იმ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც უყურადღებოდ არიან. თუ ამაზე ერობები უარს იტყვიან, მაშინ ამ ეკლესია-მონასტრების ქონება საკათალიკოსო საბჭოსთან შეთანხმებით გადატანილი უნდა იქნას მუზეუმში ან იმ მონასტრებში, რომლებსაც დარაჯები ჰყავთ.
4. ჩამოტანილი იქნას ტფილისში შემოქმედიდან ნაძარცვი ნივთები, რომლებიც ახლა ოზურგეთის ხაზინაში ინახება. ამ ნივთების რესტავრაცია დაევალოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას.
5. დაიბეჭდოს საქართველოს ეკლესია-მონასტრების განძეულობათა აღწერილობანი;
და ბოლოს,
6. მთავრობამ საზღვარგარეთ მაღალ პოლიგარფიულ დონეზე გამოსცეს ალბომი იმ სურათების მიხედვით, რომელიც მან მოგზაურობის დროს გადაიღო.“
   რესპუბლიკის მთავრობას წმიდა ექვთიმეს არცერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია. ეკლესიისთვის მიწის ნორმის გადაცემაზე მთავრობამ უარი განაცხადა, რადგან ეს აგრარული კანონის უხეშ დარღვევად მიიჩნია. აგრარულ კომისიაში ექვთიმეს დაპირდნენ, რომ ეკლესიას იჯარით მისცემდნენ მიწას, მაგრამ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა. წმიდა ექვთიმემ პარლამენტის სახელოვნებო კომისიის წინაშე არაერთხელ დასვა ეკლესია-მონასტრების შეკეთებისათვის ორი მილიონი მანეთის გამოყოფის საკითხი. უსახსრობის მიზეზებით ეს მოთხოვნაც არ შესრულებულა.
  საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ეჭვის თვალით უყურებდა ექ. თაყაიშვილის ზრუნვას საეკლესიო სიძველეების შენარჩუნებისათვის. 1920 წ. გაზეთ „კლდეში“ „მორწმუნე ქართველის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ სტატიაში ამაგდარი მამულიშვილის მიმართ ბევრი უხამსი რამ ითქვა. მას ცილი დასწამეს, რომ თითქოს იგი ითხოვდა მუზეუმში დაბინავებულიყო ისეთი სიწმინდეებიც, რომელიც წირვა-ლოცვის დროს გამოიყენებოდა. ფსევდონიმს ამოფარებული პიროვნება წმიდა ექვთიმეს ეკლესიის მტერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი თავისი ქმედებით ცდილობს, რომ ეკლესია სექტად გადააქციოს. წმიდა ექვთიმემ ოპონენტს საკადრისი პასუხი გასცა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი თვალსაზრისი, რომ მუზეუმში თავმოყრილი უნდა იქნეს მხოლოდ ისეთი სიწმინდეები, რომელსაც წირვა-ლოცვის დროს აღარ იყენებენ, დანარჩენი კი ისევ ეკლესიის საკუთრებაში უნდა დარჩეს და მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა საეკლესიო პირებმა უნდა აიღონო. „ურწმუნო თომების“ მიმართ ექვთიმე წერდა: „მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ასეთი სიწმინდეები (ჯვარი, ხატები), როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს ხელოვნების თვალსაზრისით, უსათუოდ ადგილობრივ უნდა დარჩეს. მე ვერ წარმომიდგენია გელათი ხახულის ღვთისმშობელისა და ალავერდი წმიდა გიორგის ხატების გარეშეო“.

ძველი ქართული ქრისტიანული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით წმიდა ექვთიმემ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სახელით ჯერ ქართული ფრესკების გამოფენა მოაწყო, ხოლო 1920 წელს კი – ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისა. სწორედ ეს უკანასკნელი საფუძვლად დაედო 1924 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ქართულ ხუროთმოძღვრების ალბომს. მაგრამ მისი შემდგენელი იმხანად სამშობლოდან შორს, ემიგრაციაში იმყოფებოდა.
განუზომელია წმიდა ექვთიმეს ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე. სწორედ ამ დამსახურების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2002 წელს იგი ექვთიმე ღვთისკაცის სახელით წმიდანად შერაცხა. დაიწერა მისი სახელობის ხატი და ტროპარი. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.
გამოყენებული წყარო:
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ელდარ ბაბულაშვილი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 19(226), 20 (228), 22 (230), 2003 წ.
http://www.orthodoxy.ge/